საგზაო ნიშნების ცნობარი

  • 2.1 "მთავარი გზა"
    მიუთითებს გზას, რომელზეც მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ.
  • 2.2 "მთავარი გზის დასასრული"
    მიუთითებს მთავარი გზის დასასრულზე,სადაც მძღოლს მინიჭებული ჰქონდა გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება უშუალოდ მთავარი გზის ბოლოს.
  • 2.3.1 "მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა"
    მიუთითებს, რომ მთავარ გზას ორივე მხრიდან კვეთს მეორეხარისხოვანი გზა, სადაც, მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.
  • 2.3.2 "მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა"
    მიუთითებს, რომ მთავარ გზას მარჯვენიდან უერთდება მეორეხარისხოვანი გზა სადაც, მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.
  • 2.3.3 "მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა"
    მიუთითებს, რომ მთავარ გზას მარცხნიდან უერთდება მეორეხარისხოვანი გზა სადაც, მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.
  • 2.4 "დაუთმე გზა"
    აფრთხილებს მძღოლს, რომ გზა უნდა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 „მთავარი გზის მიმართულება“ დამატებითი ინფორმაციის დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. დაუსახლებელ პუნქტში 2.5 „გაუჩერებლად გავლა აკრძალულია“ ნიშნამდე შეიძლება დაიდგას 2.4 „დაუთმე გზა“ პრიორიტეტის ნიშანი 7.1.2 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის დაფასთან ერთად.
  • 2.5 "გაუჩერებლად გავლა აკრძალულია"
    აფრთხილებს მძღოლს, რომ აკრძალულია მოძრაობის გაგრძელება „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ ის არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 „მთავარი გზის მიმართულება“ დამატებითი ინფორმაციის დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. ნიშანი ასევე იდგმება რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - ნიშნის წინ.
  • 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა"
    უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაიდგას წინასწარ 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის ნიშანთან ერთად.
  • 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან"
    აფრთხილებს მძღოლს გზის ვიწრო უბანთან მიახლოების შესახებ, რომელზეც გავლის უპირატესობა ენიჭება შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ.